თამარ ტალიაშვილი: მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსება 100%-მდე გაიზრდება

საქართველო, თბილისი - 16:38 | 27.11.2015
ნანახია: 1544

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების ახლადმიღებულ წესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„თბილისის საკრებულომ დღეს სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს სწავლის 100%-იანი დაფინანსების შესაძლებლობა ეძლევათ. მოცემული კრიტერიუმით ჩვენ სოციალური შემწეობის პროგრამა დამატებით გრძელვადიან საგანმანათლებლო ეფექტის მქონე ინიციატივად ვაქციეთ.
ერთმნიშვნელოვნად, ეს არის სოციალურად დაუცველი ოჯახების პირობების გაუმჯობესება, ვინაიდან ისინი განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ და ეს ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია. ამ წესის თანახმად, სტუდენტები დაფინანსებას 2016 წლის 1 იანვრიდან მიიღებენ.
დღემდე, სოციალურად დაუცველი სტუდენტები მუნიციპალური ბიუჯეტიდან, უმეტესწილად დამკვიდრებული პრაქტიკით, მხოლოდ 50%-ით ფინანსდებოდნენ. დღევანდელი მონაცემებით, 2015 წელს 1700-მდე სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა 50%-იანი დაფინანსება მიიღო. ახალი წესის თანახმად, 91-დან - 100-მდე საშუალო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი სტუდენტები 100%-ით დაფინანსდებიან, ხოლო 71–დან - 90-მდე საშუალო ქულის სტუდენტებს სწავლის საფასურის 70%-ით დაფარვის საშუალება ეძლევათ, 51-დან - 70-მდე ქულის მქონე სტუდენტებს კი 50%-ის.
მოცემული წესის მიღება არის ქმედითი ნაბიჯი, როგორც სოციალური დახმარების მიმართულებით, ისე ახალგაზრდების შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის კუთხით“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე