სამინისტრომ დევნილი ოჯახებისათვის კერძო მესაკუთრისაგან 136 ბინა გამოისყიდა

საქართველო, თბილისი - 15:58 | 27.11.2015
ნანახია: 1700

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი  და მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი  თბილისში, უნივერსიტეტის ქ. N6-ში მდებარე სასტუმრო  „ამირანის“  ყოფილ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

სამინისტრომ 136 დევნილი ოჯახის  მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისგან გამოისყიდა და უახლოეს მომავალში დევნილებს საკუთრებაში გადასცემს.

სასტუმრო „ამირანის“ ყოფილ შენობაში დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობენ, მიუხედავად ამისა შენობას ამ დრომდე კერძო მესაკუთრე ჰყავდა, რის გამოც დევნილებისათვის ბინების დაკანონება შეუძლებელი იყო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ  უნივერსიტეტის ქ. N6-ში მდებარე  შენობა კერძო მესაკუთრისგან 2 785 767 ლარად გამოისყიდა.

ამ ეტაპზე, სამინისტროს დაფინანსებით ობიექტის გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს.

გარდა ამისა, სამინისტრომ   291 758 ლარად,  20 დევნილი ოჯახისათვის,  ნუცუბიძის  ქ. N56-ში მდებარე შენობაში არსებული საცხოვრებელი ფართებიც გამოისყიდა. 

2012 წლიდან დღემდე, კერძო მესაკუთრეებისაგან 877  დევნილი ოჯახისთვის 20  ობიექტია გამოსყიდული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე