ირაკლი კობახიძე შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 14:02 | 11.04.2018
ნანახია: 814

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, იზაბელ დინგიზიანთან შეხვედრა გამართა.

ირაკლი კობახიძემ შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს  შვედეთის მხრიდან საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  ხაზგასმით აღნიშნა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) საქმიანობის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. ირაკლი კობახიძემ შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს საქართველოს პარლამენტის მიერ საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებული რეზოლუცია და მასში ასახული პრიორიტეტები გააცნო. მხარეებმა  ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, მათ შორის, საკონსტიტუციო, მართლმსაჯულებისა და დეცენტრალიზაციის რეფორმების შესახებ ისაუბრეს.  ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საქართველოს მიერ ღია მმართველობის კუთხით მიღწეული წარმატებებისა და ქალთა გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ.

მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო და დინამიური თანამშრომლობა შვედეთის პარლამენტთან.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველო რუსეთის ფედერაციის მიმართ ახორციელებს, დაძაბულობის შემცირებას და სტაბილურობის გაზრდას ისახავს მიზნად. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ყურადღების გამახვილების მნიშვნელობა. 

იზაბელ დინგიზიანის შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება და ამაზე მეტყველებს ის შედეგიანი პროექტებიც, რომლებიც შვედეთისა და საქართველოს თანამშრომლობით ხორციელდება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტები მომავალშიც გაგრძელდეს.

საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ მიღწეულ პროგრესს.  ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეულ წარმატებას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იზაბელ დინგიზიანს, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივები და სხვა აქტივობები გააცნო.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობასა და ინტენსიურ გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე