ლეილა აბაშიძეს 12 აპრილს საბურთალოს პანთეონში, დედის გვერდით დაკრძალავენ

საქართველო, თბილისი - 18:34 | 10.04.2018
ნანახია: 1251

ქართველ მსახიობ ლეილა აბაშიძეს ხუთშაბათს, 12 აპრილს საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ. ლეილა აბაშიძის ანდერძის მიხედვით, მას დედის გვერდით დაკრძალავენ.

ლეილა აბაშიძე 8 აპრილს გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

ლეილა მიხეილის ასული აბაშიძე 1929 წლის 1-ელ აგვისტოს დაიბადა. ქართველი კინომსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი 1940 წლიდან მუშაობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1941 წელს ითამაშა კატოს როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში „ქაჯანა“. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო. კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად დაწერა სცენარი „მოლოდინი“ რომელიც შოთა და ნოდარ მანაგაძეებთან ერთად გადაიღო. შექმნა მრავალი კომედიური და დრამატული სახე. არის მხატვრული ფილმების „მოლოდინი“ (1970), „კოშკები სდუმან“ (1978) სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი“ სცენარის ავტორი და რეჟისორი. კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია 1958 წლიდან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე