„ჯეოსელი“ საქმიანობის გაფართოებას აპირებს

საქართველო, თბილისი - 14:07 | 24.09.2015
ნანახია: 1851

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს კომპანია „თელიასონერას“ რეგიონულ ხელმძღვანელებს შეხვდა, კერძოდ - ევრაზიის რეგიონის პრეზიდენტს, ერიკ ჰალბერგს და კომპანიის ევრაზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტს ემილ ნილსონს. შეხვედრას ასევე დაესწრნენ კომპანია „ჯეოსელის“ გენერალური დირექტორი პაველ სმალინსკი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კომპანია „თელიასონერას“ საქართველოში საქმიანობას და მის გეგმებს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის კუთხით. ასევე, „თელიასონერას“ ხელმძღვანელობამ შეხვედრაზე ისაუბრა გადაწყვეტილების შესახებ, დაიწყოს ევრაზიის რეგიონში (ყაზახეთი, საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ნეპალი) ოპერირების შემცირების, ხოლო, დროთა განმავლობაში მთლიანად დატოვების პროცესი. ეს გადაწყვეტილება არ იქონიებს გავლენას კომპანიის ოპერირებაზე. „ჯეოსელის“ საქმიანობა, ინიციატივები და  პროექტები  გრძელდება ჩვეულ რეჟიმში. წლების განმავლობაში „ჯეოსელი“ „თელიასონერას“ ჯგუფის ფარგლებში წარმატებულად წარმართავდა გრძელვადიან საქმიანობას და ქვეყანაში ახორციელებდა პასუხისმგებლობით სავსე ბიზნეს-პრაქტიკას, რაც მომავალშიც იგივე მიმართულებით გაგრძელდება.

კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, „ჯეოსელი“ საქართველოში მომავალშიც აქტიურად იმუშავებს, მეტიც, კომპანია ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს.

„თელიასონერას“ რეგიონულმა ხელმძღვანელებმა კმაყოფილება გამოთქვეს საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატით და აღნიშნეს, რომ „ჯეოსელი“ საქართველოში მისი საქმიანობის გაფართოებას აპირებს, კერძოდ, კომპანიის ინფრატრუქტურის განვითარებაში მრავალმილიონიანი ინვესტიციები ჩაიდება მყარ ვალუტაში.

როგორც „თელიასონერას“ და „ჯეოსელის“ ხელმძღვანელობა აცხადებს - კომპანიას გააჩნია სრული ამბიცია, რომ ნებისმიერი ინვესტორისთვის დღევანდელი სახით არსებული „ჯეოსელი“ არის ძლიერი ფინანსური მდგომარეობის, ჩამოყალიბებული მიზნებისა და ღირებულებების მქონე კომპანია, რომელიც კვლავაც დარჩება საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროცესის მნიშვნელოვანი თანამონაწილე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე