მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით საგადასახადო შეღავათები წესდება

საქართველო, თბილისი - 17:46 | 02.04.2018
ნანახია: 1306

საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები განიხილეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე.

წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითადი მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, ამ მიმართულებით საგადასახადო შეღავათების დაწესება ასევე, მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისთვის გაზრდილი ერთობლივი შემოსავლის მოცულობა.              

„პროექტი მცირე მეწარმეთათვის განსხვავებული დასაბეგრი რეჟიმის  შემოღებას და სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული ტიპის შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს“, - აღნიშნა მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა.

კანონპროექტის მიხედვით, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის ივლისიდან  მცირე ბიზნესის დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები იცვლება.

წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, მცირე ბიზნესის შემოსავალი 5 % -ის ნაცვლად, 1 %-იანი განაკვეთით დაიბეგრება. მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შეზღუდვის ნორმა კი 5-ჯერ გაიზრდება. იმისათვის, რომ მეწარმე ფიზიკურ პირს მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭოს მის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი 100 000 ლარის ნაცვლად 500 000 ლარამდე იზრდება.

„ერთი მხრივ, ეს იქნება მნიშვნელოვანი სტიმული საქართველოში მცირე მეწარმეობის განვითარებისთვის და მეორე მხრივ, ჩვენს ეკონომიკაში მცირე მეწარმეების წილის გაზრდისთვის. ჩვენი მიზანი იყო რაც შეიძლება მეტ მცირე მეწარმეს შეხებოდა ეს საგადასახადო რეჟიმი. ამიტომ ვაწესებთ 500 000  ლარიან ზღვარს, რომლის თანახმად, მეწარმეების 99% ამ საგადასახადო რეჟიმით სარგებლობას შეძლებს. რეფორმა 120 000 -ზე მეტ მეწარმე-ფიზიკურ პირს შეეხება“, - აღნიშნა მთავრობის წარმომადგენელმა.

პროექტის მიხედვით, გადასახადის დეკლარირება და გადახდა მოხდება ყოველთვიურად. ასევე, უქმდება მიმდინარე ე.წ. „საავანსო“ გადასახდელები. მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებით მცირე მეწარმეს შესაძლებლობა ეძლევა დარეგისტრირდეს დამატებითი ღირებულების  გადამხდელად და ერთდროულად იყოს დღგ-ს გადამხდელიც და მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირიც.

ლაშა ხუციშვილის შეფასებით, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან და ისინი ე.წ. განაწილებულ მოგების გადასახადზე   გადავლენ. პროექტის თანახმად, უქმდება გრძელვადიანი კონტრაქტით დღგ-თი დაბეგვრის სპეციალური ნორმები. დღგ-სგან თავისუფლდება საქართველოში საჰაერო ხომალდებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევა.

„მნიშვნელოვანი ინიციატივაა ექსპორტის წახალისებისთვის სატრანსპორტო საშუალებების პერიოდის გაზრდა. ასევე, მეწარმეს შეეძლება 6 თვის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპორტი განახორციელოს ისე, რომ მან აქციზის გადასახადი არ გადაიხადოს. აქციზისგან სრულად გათავისუფლდება სატრანსპორტო საშუალებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის - პირადი გამოყენების მიზნით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისივე განმარტებით, მოგების გადასახადით საწარმოთა დაბეგვრის  2017 წლიდან მოქმედი მოდელი, არ შეეხო ბანკებს, საკრედიტო კავშირებს, სადაზღვევო ორგანიზაციებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ლომბარდებს.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით ხსენებული კატეგორიის გადასახადის გადამხდელების მოგების გადასახადით დაბეგვრისთვის  2023 წლის 1 იანვრამდე  შენარჩუნდება  მოგების გადასახადით დაბეგვრის 2017 წლამდე მოქმედი მოდელი  და  მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი კვლავ იქნება სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

მთავრობის წარმომადგენელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე