ელდარ შენგელაია კინოპრემია „ნიკას“ მფლობელი გახდა

საქართველო, თბილისი - 17:41 | 02.04.2018
ნანახია: 1275

1 აპრილს, მოსკოვში ყველაზე პრესტიჟული კინოპრემიის „ნიკას" დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ გამარჯვებული ნომინაციაში - დსთ-ს, საქართველოს და ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო ფილმი - ელდარ შენგელაიას „სავარძელი" გახდა. შარშან იგივე ნომინაციაში გამარჯვებული და „ნიკას" მფლობელი კიდევ ერთი ქართველი რეჟისორი - რუსუდან გლურჯიძე გახდა ფილმით „სხვისი სახლი".
 
ელდარ შენგელაიას სარეჟისორო მოღვაწეობა ათეულობით წელს ითვლის. ყველასთვის საყვარელი ფილმებით - „შერეკილები", „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი", „სამანიშვილის დედინაცვალი", „არაჩვეულებრივი გამოფენა", ავტორმა, ქართულ კინოში მთელი ეპოქა შექმნა; მის სახელს უკავშირდება, არაერთი საერთაშორისო ჯილდო და საპატიო პრემია.
 
წელს ლეგენდარულ ქართველ რეჟისორს 85 წელი შეუსრულდა, თუმცა შემოქმედებით საქმიანობას კვლავაც აგრძელებს. „სავარძელი" ელდარ შენგელაიას ახალი ფილმია, რომლის პრემიერაც 2017 წელს მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
 
პრემია „ნიკას" ყოველწლიურად რუსეთის კინოაკადემია გასცემს. წელს დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მოსკოვში 31-ედ გაიმართა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე