კლასიკური მუსიკა აქვეითებს არტერიულ წნევას და აუმჯობესებს გულისა და თავის ტვინის მუშაობას

საქართველო, თბილისი - 17:23 | 31.03.2018
ნანახია: 1597

რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით მეტად მშვიდი მელოდიის მოსმენაა მისთვის რეკომენდებული. ექიმები აცხადებენ, რომ ავადმყოფებისთვის მუსიკის მოსმენა სასარგებლოა. ამერიკელმა მეცნიერებმა კვლევები მასაჩუსეტსის ცენტრალურ საავადმყოფოში ჩაატარეს. კარდიოლოგიური განყოფილების პაციენტები, რომლებიც კლასიკურ მუსიკას ყოველდღიურად 30 წთ-ის მანძილზე მაინც უსმენდნენ, აღდგენითი პროცესის უკეთეს მაჩვენებლებს ავლენდნენ, ვიდრე ის პაციენტები, რომლებიც დღეებს სიჩუმეში ატარებდნენ.

ასევე, სპეციალისტთა თქმით, კლასიკური მუსიკა ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას, ხოლო ტექნო, როკი და მძიმე მეტალი, პირიქით, ახდენს არითმიის პროვოცირებას. მეცნიერთა დასკვნით, ასაკის მატებასთან ერთად ადამიანისთვის უფრო მეტად მშვიდი მუსიკის მოსმენაა საჭირო.

ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევის საფუძველზე დაადგინეს, რომ მუსიკალური თერაპია, ასევე, ეხმარება იმ პაციენტებს, რომლებსაც ინსულტი აქვთ გადატანილი. შედეგად, ასეთ ადამიანებს უფრო სწრაფად აღუდგებათ ვერბალური მეხსიერება და ყურადღების კონცენტრაცია. ამჟამად მეცნიერები მუსიკის დახმარებით ალცჰეიმერის დაავადებისა და ეპილეფსიის მკურნალობას ცდილობენ.

მეცნიერთა თქმით, მუსიკალური თერაპია და მუზიცირება ეხმარება დისლექციის მქონე ბავშვებს. ამ ნევროლოგიური დარღვევის დროს ბავშვს უჭირს კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების გამომუშავება. მუსიკა კი ხელს უწყობს ნერვული გზების ფორმირებას, რომელიც აუცილებელია ასოებისა და სიტყვების ამოცნობისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე