ცოლის მკვლელობისთვის მამაკაცს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 11:06 | 22.03.2018
ნანახია: 955

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.რ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 11:30 საათზე, ქ. ფოთში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში ვ.რ.-მ კონფლიქტის დროს, მეუღლეს - ზ.შ.-ს დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ზ.შ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ვ.რ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვ.რ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე