დღეს საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 09:49 | 22.03.2018
ნანახია: 1049

საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, 2018 წლის დღეს, 10:30 საათზე,  სასტუმრო „Courtyard Marriott“-ში  საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება.  ბიზნეს-დელეგაცია საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშნკოს  ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა.

ბიზნეს-ფორუმს  საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  დიმიტრი ქუმსიშვილი, ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი  ნინო ჩიქოვანი და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე  ვლადიმერ ულახოვიჩი გახსნიან.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ მინსკის ბიზნეს-სექტორისა და საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა სექტორულ ქართულ კომპანიებთან  და ბელარუსული პროდუქციის გამოფენა.  

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 100-მდე ბელარუსული კომპანია. ისინი  დაინტერესებულნი  არიან საქართველოში პარტნიორების მოძიებით და წარმოადგენენ შემდეგ სექტორებს: კვების მრეწველობა, მანქანა-დანადგარების წარმოება, მშენებლობა, ლოგისტიკა და ტურისტული სააგენტოები.

ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში დარეგისტრირდა საქართველოს ბიზნეს-სექტორის  190-მდე წარმომადგენელი.

გარდა გახსნის ღონისძიებისა  და ორმხრივი შეხვედრებისა, ფორუმის ფარგლებში ქართულ და ბელარუსულ კომპანიებს შორის 29 ხელშეკრულება გაფორმდება, რომელთა საერთო ღირებულებაც 9 მილიონ აშშ. დოლარამდეა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე