„სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების დაცვა“ - საპატრიარქოს განცხადება

საქართველო, თბილისი - 23:10 | 20.03.2018
ნანახია: 786

დღეს, საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა, რადგან როგორც საპატრიარქო ამბობს, სწორედ ის [რელიგიური გრძნობების დაცვა] არის ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი.

საპატრიარქომ, თავის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, „რუსთავი2“-ზე, 18 მარტს გასული სიუჟეტი და პრეზევატივების კომპანიის „აიისას“ შეფუთვა მორწმუნე საზოგადოების გრძნობების შერაცხყოფად მიიჩნია.

„სამწუხაროდ, ბოლო დროს კიდევ უფრო გაძლიერდა მორწმუნე საზოგადოების გრძნობების შეურაცხყოფისა და ღვთის გმობის გამოვლინებები. სახეზეა არაერთი შემთხვევა, თუმცა კომპანია „აიისას“ და მისი დირექტორის უზნეო თავგასულობა და „რუსთავი – 2“- ის  ა.წ.  18 მარტის სიუჟეტი თავისი  უტიფრობით სარკაზმითა და ცინიზმით  საზოგადოებისთვის ღია გამოწვევად იქცა”, - ნათქვამია განცხადებაში.

„პრაიმნიუსჯორჯია“ უცვლელად გთავაზობთ საპატრიარქოს განცხადებას:

„სამწუხაროდ, ბოლო დროს კიდევ უფრო გაძლიერდა მორწმუნე საზოგადოების გრძნობების შეურაცხყოფისა და ღვთის გმობის გამოვლინებები. სახეზეა არაერთი შემთხვევა, თუმცა კომპანია „აიისას“ და მისი დირექტორის უზნეო თავგასულობა და „რუსთავი – 2“- ის  ა.წ.  18 მარტის სიუჟეტი თავისი  უტიფრობით სარკაზმითა და ცინიზმით  საზოგადოებისთვის ღია გამოწვევად იქცა.

ამას შედეგად მოყვა ცალკეული მოქალაქეების, „ქართული მარშის“ და ზოგიერთი სასულიერო პირის მკვეთრი  რეაგირება.

ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ ძალადობრივ ქმედებებს. ამასთან,  მკვეთრ  რეაგირებას ვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ მორწმუნეთ (იქნება ეს ქრისტიანი, მუსლიმი, იუდეველი თუ სხვა) უსამართლობისა და დაუცველობის განცდა მოეხსნათ.

გამოხატვის თავისუფლება, წარმოადგენს ფასეულობას, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთი მთავარი გარანტია, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ უფლებით სარგებლობა განუყოფლადაა  დაკავშირებული პასუხისმგებლობასთან და სხვისი უფლებებისა და თავისუფლების დაცვასთან.

ამიტომაც, მივმართავთ მორწმუნეთ, ახალგაზრდებს, ინტელიგენციას, არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველს და საერთოდ ყველას, ძალისხმევა მივმართოთ იქითკენ, რომ სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა, რითაც დაიცავს  ქვეყანის  სტაბილურობის  ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს“, - ნათქვამია განცხადებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე