ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას გამოვლენილი დარღვევებისთვის შესაძლოა დაწესებული სანქციები შეიცვალოს

საქართველო, თბილისი - 20:23 | 20.03.2018
ნანახია: 658

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელა.

პარლამენტის წევრების ინიცირების წესით მომზადებული კანონპროექტი, კომიტეტის წევრებს, კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა გააცნო. მისი ინფორმაციით, 2017 წლიდან ამოქმედდა დეკლარაციის მონიტორინგის სისტემა, რომელსაც საჯარო სამსახურის ბიურო ახორციელებს. მისივე შეფასებით, მონიტორინგის სისტემა გამართულად ფუნქციონირებს, თუმცა ზოგიერთ რეგულაციასთან მიმართებაში გარკვეული კითხვები გაჩნდა, რამაც კანონში ცვლილებების მომზადების აუცილებლობა განაპირობა.

გიორგი კახიანის განცხადებით, საჯარო სამსახურის ბიუროსთან კონსულტაციების შედეგად მომზადდა ცვლილებების პროექტი, რომელის მიხედვითაც, დეკლარაციის „არაარსებითი დარღვევის" არსებობის შემთხვევაში დეკლარანტს ფულადი სანქციის ნაცვლად, შესაძლოა პირველ ეტაპზე გაფრთხილება მიეცეს. საკითხის ირგვლივ კომიტეტის სხდომაზე დისკუსია გაიმართა. ცვლილებებთან დაკავშირებით, მოსაზრებები კომიტეტის წევრებმა, საჯარო სამსახურის ბიუროს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე