სალომე ტატიშვილის საქმის განხილვის პარალელურად სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 15:36 | 19.03.2018
ნანახია: 866

ამ წუთებში თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გუდაურში სრიალის დროს გარდაცვლილი, 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღეს სასამართლოს წინაშე მხარეები შესავალი სიწტყვით წარსდგებიან. ბრალდების მხარემ თავის შესავალ სიტყვაში განაცხადა, რომ გიორგი ლიპარტელიანი თავიდანვე დიდი სიჩქარით ძალიან სწრაფად დაეშვა.მან ისაუბრა მოსამართლის მიერ გამოტანილ უსაფუძვლო განაჩენზეც.

დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში ბრალდების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ შეძლო. ლიპარტელიანის ადვოკატის, თენგიზ ხარებავას განმარტებით, ლიპარტელიანი სრიალისას მთვრალ მდგომარეობაში არ ყოფილა. მისი თქმით, ლიპარტელიანმა და მისმა მეგობრებმა გზაში პატარა კონიაკი იყიდეს და 100 გრამი დალიეს. ადვოკატი ხარებავა თავის შესავალ სიტყვაში აცხადებს, რომ გიორგი ლიპარტელიანი არავის გაუფრთხილებია, რომ სასრიალო ტრასაზე ბავშვები სრიალებდნენ და იქ არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი ყოფილა, რომ სრიალი იყო შეზღუდული.

ადვოკატის თქმით, ლიპარტელიანმა წაქცევის შედეგად გონება დაკარგა და დეტალები არ ახსოვს. ის წაქცევის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს დღემდე ვერ იხსენებს.

სალომე ტატიშვილის საქმეს სააპელაციო სასამართოლში მსოამართლეთა კოლეგია განიხილავს. პროცესს თავად ლიპარტელიანი არ ესწრება. როგორც დღეს სასამართლოს სხდომაზე მისმა ადვოკატმა განაცხადა, გიორგი ლიპარტელიანი ჩეხეთში სწავლობს და ის მისი ინტერესების დაცვას ადვოკატებს ანდობს. სასამართლოს შენობასთან სალომე ტატიშვილის მეგობრების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების აქცია მიმდინარეობს. ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შეცვლას ითხოვენ. ისინი შენობასთან ტრანსპარატნებით „სამართლიანობისთვის", "სალომეს სახელით" არიან შეკრებილი.

ცნობისთვის, 12 წლის სალომე ტატიშვილს 2016 წლის 10 იანვარს გუდაურში, სრიალისას, თხილამურებზე მდგომი 18 წლის გიორგი ლიპარტელიანი დაეჯახა. მოზარდი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმებით ადგილზე გარდაიცვალა, თავად ლიპარტელიანმა კი, მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ტატიშვილის გაურთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებული, ლიპარტელიანი 2017 წლის 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მიიღო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე