„ევროპულმა საქართველომ“ მიკაილ კადიევისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით კვირიკაშვილს მიმართა

საქართველო, თბილისი - 12:00 | 19.03.2018
ნანახია: 792

"ევროპულმა საქართველომ" მიკაილ კადიევისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა.

პარტიის წევრი სერგო რატიანი განმარტავს, რომ რუსეთის ფედერაცია კადიევზე ზეწოლას ახორციელებს და იმ შემთხვევაში, თუ დაღესტნელ აქტივისტს რუსეთში დააბრუნებენ, შესაძლოა მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. 

სერგო რატიანის განცხადებით, პრემიერ კვირიკაშვილის მიმართვა რუსეთისადმი ეწინააღმდეგება ნაციონალურ ინტერესებს და ზრდის საქართველოს ხელისუფლების უღირსად მოქცევის საფრთხეებს.

"რუსეთი ითხოვს დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტის ექსტრადიციას. საქართველოს ხელისუფლებამ არ მიანიჭა მას არა მხოლოდ თავშესაფრის, არამედ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი და სასამართლოში ამტკიცებდა, რომ რუსეთში არ მიმდინარეობს პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით დევნა და არ დევნიან ჩდილოკავკასიელებს. ამ პირობებში, ბუნებრივია იზრდება მიკაელ კადიევის ექსტრადიციის საფრთხე. სწორედ ამიტომ, ადვოკატები მიმართავენ პრემიერს და გაასაჩივრებენ დევნილთა სამინისტროს მხრიდან კადიევისადმი თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის არ მინიჭების ფაქტს", - განაცხადა ჟურნალისტებთან "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა მთავრობის კანცელარიაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე