საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

საქართველო, თბილისი - 15:49 | 18.03.2018
ნანახია: 781

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 2018 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციის  საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც 33 საარჩევნო უბანი უკანონოდაა გახსნილი.  

დღევანდელი განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც ძირს უთხრის სამართალსა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

„აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს და მათი ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე რუსეთის საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება იმ პირობებში, როცა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი მოსახლეობა 2000-იანი წლებიდან მოყოლებული მასობრივად გახდა მოსკოვის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაციის მსხვერპლი, ხოლო ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი კვლავ მოკლებულია საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას.

მსგავსი ქმედებებით რუსეთის ფედერაცია სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებას, ჰელსინკის დასკვნით აქტს და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ისეთ ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, როგორიცაა: სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც ძირს უთხრის სამართალსა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგს“, - ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე