უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 22:06 | 16.03.2018
ნანახია: 829

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღეს, გუდაურში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება და უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. აღნიშნული განცხადება პრემიერის ფეიქსბუკ გვერდზე გავრცელდა.

„მუდმივ რეჟიმში ვიღებ ინფორმაციას დღეს გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ყველა შესაბამისი უწყება პირველივე წუთებიდან მობილიზებულია დაშავებულთა დასახმარებლად. მათ პირველადი დახმარება ადგილზე გაეწიათ, რამდენიმე ადამიანი ვერტმფრენით და რეანიმობილით გადმოყვანილია თბილისში და აქ გადის მკურნალობას.

დაწყებულია გამოძიება. ასევე, უახლოეს დროში საქართველოში ჩამოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო ტექნიკური ჯგუფი, რომელიც დეტალურად შეისწავლის ვითარებას, დადებს ობიექტურ დასკვნას და უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოება და ჩრდილი არ მიადგეს იმ იმიჯს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ, მათ შორის, თავისი სამთო-სათხილამურო კურორტებით, საერთაშორისო მასშტაბით მოიპოვა“ - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

დღეს, გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა. შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე