დავით ნარმანია ადგილობრივი თვითმმართველობის თემაზე ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ სემინარს დაესწრო

საქართველო, თბილისი - 16:33 | 24.11.2015
ნანახია: 1567

თბილისის მერი დავით ნარმანია ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ სემინარს, სახელწოდებით - „მერები, ცვლილებების მამოძრავებელი ძალა“ დაესწრო. სემინარზე განხილული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური მოდელები სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე.

სემინარის განსახილველ თემებს შორის იყო მერების მართვის და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება ადგილობრივი პოლიტიკური მმართველობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის კონტექსტში, ასევე, ადგილობრივ დონეზე ეთიკის საკითხების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის დემოკრატიული საშუალებები.

„ეს შეხვედრა არ არის პირველი, რომელიც ევროსაბჭოს რეგიონულ და ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესის ფარგლებში იმართება და მისი მნიშვნელობა დიდია, ვინაიდან, ჩვენ საშუალება გვეძლევა ევროპის რამდენიმე ძალიან წარმატებული ქალაქის მაგალითი განვიხილოთ, ვნახოთ, თუ როგორ მიაღწიეს წარმატებებს მუნიციპალური მართვის სფეროში და რა შეცვალა უშუალოდ მერების ძალისხმევამ აღნიშნულ ქალაქებში. სემინარის მონაწილეები გვიზიარებენ რა თავიანთ გამოცდილებას, ჩვენ საშუალება გვაქვს ეს ყველაფერი ადგილობრივ სპეციფიკას მოვარგოთ და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ქალაქები უფრო საინტერესო, როგორ მივაღწიოთ უფრო მეტ შედეგს იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქე იყოს უფრო მეტად კმაყოფილი. ამდენად ღონისძიების მნიშვნელობა ძალიან დიდია და ამავდროულად პატივია ის, რომ ევროსაბჭოს კონგრესი აღნიშნულ სემინარს თბილისში ატარებს“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

სემინარი ადგილობრივი მმართველობის რეფორმის ექსპერტების ევროსაბჭოს ცენტრის, დემოკრატიის გენერალური დირექტორატისა და ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციის კონგრესის ხელშეწყობით იმართება და ორ დღეს გასტანს. პროექტის ფარგლებში თბილისს სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვეთის, უკრაინისა და ბელორუსიის წარმომადგენლები სტუმრობენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე