ეს იყო თამამი და გაბედული ნაბიჯი - ირაკლი სესიაშვილი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე

საქართველო, თბილისი - 12:48 | 14.03.2018
ნანახია: 752

მე ვიტყოდი, რომ ეს იყო თამამი და გაბედული ნაბიჯი, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას. 

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ვერ შეეგუება ვერც ოკუპაციას და ვერც იმ მოცემულობას, როცა კონფლიქტის მოგვარებისთვის სივრცე არ არსებობს, რომ პრობლემა გადაწყდეს.

"ფართო კონტექსტში უნდა შევხედოთ იმას, რაც პრემიერმა თქვა. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო თამამი და გაბედული ნაბიჯი. პირველ რიგში, ჩვენ ვერ შევეგუებით ვერც ოკუპაციას და ვერც იმ მოცემულობას, როცა კონფლიქტის მოგვარებისთვის სივრცე არ არსებობს, რომ პრობლემა გადაწყდეს. პრემიერმა გადადგა ძალიან თამამი და გაბედული ნაბიჯი. ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ. უნდა გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი, კომუნიკაციის საშუალება, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები დავიცვათ და უზრუნველვყოთ. შეიძლება ეს ვიღაცას არ მოეწონა, განსაკუთრებით იმ ოპონენტებს, რომლებსაც თავის მხრივ, თავისი პოლიტიკური ცოდვები აქვთ და სურთ დაიცვან ის მოცემულობა, რომელიც თავად შექმნეს, მაგრამ ვერაფერი გააკეთეს. ჩვენ არ ვართ ხელისუფლება, რომელიც ამ მოცემულობას შეეგუება, ნაბიჯები უნდა გადავდგათ. შეიძლება პოლიტიკურად იყოს არამომგებიანი, მაგრამ როცა საუბარია სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე, ვიწროპოლიტიკურ ინტერესებზე ნაკლებად ვამახვილებთ ყურადღებას", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი რუსეთისადმი გაგზავნილ მიმართვაზე გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა. კვირიკაშვილის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისათვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე