ქართული კომპანიები, ჩინეთში გამართულ ტყავის საერთაშორისო გამოფენაზე წარდგებიან

საქართველო, თბილისი - 16:26 | 13.03.2018
ნანახია: 868

14-დან 16 მარტის ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით  ქართული ტყავის მწარმოებელი კომპანიები  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ ტყავის პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე “APLF” წარდგებიან.  

ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას 4 ქართული კომპანია, კერძოდ: შპს გეფერინი, შპს ფილიმასკა, შპს დერი სტანდარტ და შპს ჯეოპელი წარადგენს. ყოველწლიური გამოფენა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძიებაა ტყავის ინდუსტრიაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 22 000 ვიზიტორს და 1200 მონაწილე კომპანიას უყრის თავს.

გამოფენაზე მონაწილეობის მიზაია, ქართული კომპანიებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენა, საქმიანი ურთიერთობების დამყარება და ექსპორტის ზრდა.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს  ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით.ზემოთხსენებული შეხვედრა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდას და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან,   თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან,  ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA). ასევე 2018 წლიდან ძალაშია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთთან,  რაც დამატებით 1.4 მილიარდიან ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე წვდომის საშუალებას აძლევს საქართველოში მოქმედ კომპანიებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე