არ შეგვიძლია ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემაზე მოთხოვნის ასე მარტივად შესრულება- ბიბილოვი

საქართველო, თბილისი - 16:25 | 07.03.2018
ნანახია: 591

არ შეგვიძლია არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემაზე მოთხოვნის ასე მარტივად შესრულება, - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, მაგალითისთვის, საქართველოში სასამართლო, სამედიცინო ექსპერტიზას სულ მცირე, ერთი თვე სჭირდება.

„ჩვენ შესანიშნავად გვესმის, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მიღებულია ევროპაში და ამერიკაში. თქვენ უნდა მოგვცეთ შესაძლებლობა, გავაკეთოთ ყველაფერი კანონიერად. მაგალითისთვის, იგივე საქართველოში სასამართლო, სამედიცინო ექსპერტიზას სულ მცირე, ერთი თვე სჭირდება“, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ექსპერტიზის გარეშე მათ ნაკლებად დაუჯერებენ.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ ტატუნაშვილის საქმეზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი საერთო დოკუმენტზე შეჯერდნენ. 

ერთ-ერთი ვერსიით, ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან კავშირი ახალგორის ადმინისტრაციის უფროსს, ფილიპ ხაჩიროვს აქვს, თუმცა მან ეს ინფორმაცია უარყო. 

ამავე საკითხზე, „ევროპული საქართველო“ ე.წ მაგნიცკის სიის ანალოგის, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას ითხოვს.  

საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ დაუბრუნებენ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე