არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება

საქართველო, თბილისი - 09:43 | 06.03.2018
ნანახია: 1409

 

ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის  მკვლელობას  პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.

საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქის დაღუპვის დაუყოვნებლივი გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაციის მორიგი მსხვერპლია.

პოლონეთი ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული, საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის გათავისუფლებას მოითხოვს.

არჩილ ტატუნაშვილი, საოკუპაციო რეჟიმმა 22 თებერვალს ახალგორში დააკავა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ე.წ. უშიშროების სამსახურმა მეორე დღეს გაავრცელა, საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ტატუნაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა, მეორე ვერსიით კი მან თვითმკვლელობა სცადა, რა დროსაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. 

ცხედარის გადმოცემის ზუსტ თარიღს საოკუპაციო რეჟიმი ამ დრომდე არ ასახელებს. ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების თქმით, ექსპერტიზა მოსკოვმა უნდა ჩაატაროს.

პასუხი, თუ როდის გადასცემენ ოჯახს მიცვალებულს, არ არსებობს არც რუსეთის საპატრიარქოსგან. პატრიარქ კირილეს წერილი საქართველოს საპატრიარქოს ამ დრომდე არ მიუღია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე