ირაკლი ღარიბაშვილმა შვილებთან ერთად ალექსანდრე ქართველის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი გამოფენა დაათვალიერა

საქართველო, თბილისი - 15:47 | 21.11.2015
ნანახია: 1581

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შვილებთან ერთად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვია და ქართველი ემიგრანტი ავიაკონსტრუქტორის, ამერიკული და მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ნოვატორის, ალექსანდრე ქართველის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი  გამოფენა დაათვალიერა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ალექსანდრე ქართველის მიერ შესრულებული ესკიზები და ნახაზებიმისივე დიზაინით შექმნილი თვითმფრინავების მაკეტები, საარქივო მასალა, დოკუმენტები, სტატიები, ფოტოები, მულტიმედიური პროექციები.

ალექსანდრე ქართველი არის გამორჩეული გენიოსი ავიაკონსტრუქტორი და ნოვატორი, რომელმაც ისეთი თვითმფრინავები შექმნა, რითაც დღემდე ამაყობენ ამერიკელები. დღესაც  აქტიურად გამოიყენება ამერიკულ ავიაციაში მისი დიზაინით შექმნილი თვითმფრინავი A-10. ჩვენ ერთმანეთს უნდა შევახსენოთ, რომ გვყავდა ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ბუმბერაზი ადამიანები. მათ  ასახელეს არა მხოლოდ ქართველი ხალხი, არამედ მსოფლიოში შექმნეს ინოვაციური პროექტები და განახორციელეს ნოვატორული იდეები. მათი სახელებით ამაყობენ სხვა ერები და ჩვენ კი სამწუხაროდ გვავიწყდება ისინი. მინდა გავიხსენო ამერიკაში ვიზიტი, როდესაც შევხვდი ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, მაშინ არაერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა მითხრა, რომ ისინი ამაყობენ ალექსანდრე ქართველის მიღწევებით,“–განაცხადა პრემიერმა ექსპოზიციის ნახვის შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რამდენიმე თვის წინ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს  ალექსანდრე ქართველის სახელი დაერქვა. პრემიერ–მინისტრი მიიჩნევს, რომ ალექსანდრე ქართველის ცხოვრება და მოღვაწეობა მაგალითის მიმცემი უნდა იყოს მომავალი თაობებისთვის.

„ჩვენ გვინდა, რომ დაახლოებით 100  ქართველის ბიოგრაფიულ ცნობებს და მათი  მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციას მოვუყაროთ თავი და შევიტანოთ სასწავლო პროგრამაში, რათა მათ მაგალითებზე აღიზარდონ ჩვენი შვილები. დარწმუნებული ვარ, ამ  გამოფენის ნახვის შემდეგ,  ახალგაზრდებს გაუჩნდებათ ინტერესი და მოტივაცია, რომ თავადაც შექმნან რამე ნოვატორული. მსგავს საკითხებს დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ ყველამ, მათ შორის მედიამ,“–აღნიშნა პრემიერმა.

ალექსანდრე ქართველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი  გამოფენით საზეიმოდ დაიხურება 2015 წლისმეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული”.
პრემიერ–მინისტრმა შვილებთან ერთად ეროვნულ მუზეუმში განთავსებული იარაღისა და არქეოლოგიური საგანძურის დარბაზებიც დაათვალიერა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე