შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 18 პირი, ხოლო მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 10:31 | 25.02.2018
ნანახია: 956

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კახეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 18 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე  ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით  დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქუთაისში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ არასრულწლოვან, 2003 წელს დაბადებულ მეუღლეს ბასრი საგნით გულმკერდის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.  

გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა- 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე