თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 21.11.2015
ნანახია: 832

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს რობერტ უორკს შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა კანადაში, ჰალიფაქსში გაიმართა, სადაც უსაფრთხოების ფორუმი მიმდინარეობს. შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. თინათინ ხიდაშელმა რობერტ უორკს აშშ-ის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებაზე და გლობალურ გამოწვევებზე ისაუბრეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები მის მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინას, არამედ მთელ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. თინათინ ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ აისახება ვარშავაში ნატოს მომავალი სამიტის დეკლარაციაში და ქვეყანა ალიანსისგან ძლიერ პრაქტიკულ და პოლიტიკურ გზავნილებს მიიღებს.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში აშშ-ის როლი და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა. თინათინ ხიდაშელმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართული მხარის მზაობა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის გაგრძელებაზე.

„განხილვის მთავარი საკითხი იყო ის პროგრესი, რომელიც გვინდა რომ იყოს ადვილად დანახული, ადვილად ახსნადი და ადვილად შესაფასებელი ჩვენი მოქალაქეების მხრიდან - პროგრესი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით. ეს იყო ერთგვარი გაგრძელება იმ საუბრის, რომელიც 20 აგვისტოს, ჩემი ვაშინგტონში ვიზიტის დროს ამერიკის თავდაცვის მდივანთან ბატონ კარტერთან შეხვედრის დროს დავიწყეთ. შემდეგ ჩვენ უკვვე გვქონდა შეხვედრა ბრიუსელში, მინისტერიალის ფორმატში, ასევე იყო სატელეფონო საუბარი სწორედ მოადგილე უორკთან და დღეს უკვე შედგა პირისპირ შეხვედრა, სადაც განვიხილეთ ყველა დეტალი იმ ახალი ტიპის ურთიერთობებისა, რომელიც გვინდა, რომ ორი ქვეყნის თავდაცვის სფეროში გაჩნდეს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კანადაში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი კონფერენციის პლენარული სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია შეხვედრა კანადელ კოლეგასთან, ჰარჯიტ საჯანთან.

 

 

 

                                  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე