ევროკავშირმა უკრაინის დასავლეთ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების განვითარების პროექტის დაფინანსება შეაჩერა

საქართველო, თბილისი - 18:40 | 22.02.2018
ნანახია: 783

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ევროკავშირმა უკრაინის დასავლეთ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების განვითარების პროექტის დაფინანსება შეაჩერა.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია ევროკომისიაში დაადასტურეს.

„საუბარია ექვს პროექტზე 29,2 მილიონი ევროს ოდენობის ევროპული დაფინანსებით. ამ პროექტების ძირითადი ბენეფიციარი იყო უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახური. პროექტების განხორციელების შეყოვნების, ჩვენი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შეფასებების გათვალისწინებით, ჩვენ დავასკვენით, რომ ამ პროექტების დათქმულ ვადებში შესრულება შეუძლებელია. ეს ექვსი პროექტი ამჟამად დახურვის პროცესშია, მათთვის გამოყოფილი და დაუხარჯავი თანხა უნდა იყოს დაბრუნებული“, – განმარტა ევროკავშირის პრესმდივანმა მაია კოსიანჩიჩმა.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი მომავალშიც მზად არის, უკრაინაში რეფორმებს მხარი დაუჭიროს.

„უკრაინსკაია პრავდას“ მონაცემებით, უკრაინამ პროექტისთვის გათვალისწინებული თანხის მესამედი – დაახლოებით 10 მილიონი ევრო მიიღო, საიდანაც კიევმა ორ მილიონ ევრომადე დახარჯა. შესაბამისად, უკრაინას რვა მილიონი დასაბრუნებელი ექნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე