თეთრაძის, მოლაშვილის, ნორა კვიციანის საქმის მოსამართლეების უვადოდ დანიშნვა დააზიანებს მათი კოლეგების იმიჯს - ანა დოლიძე

საქართველო, თბილისი - 16:47 | 22.02.2018
ნანახია: 1383

თეთრაძის, მოლაშვილის, ნორა კვიციანის საქმის მოსამართლეების უვადოდ დანიშნვა დააზიანებს მათი კოლეგების იმიჯს, - ამის შესახებ იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტის კვოტით წარდგენილმა საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ისტორიამ გვაჩვენა, რომ მათ მიიღეს პოლიტიკური დაკვეთის შედეგად გადაწყვეტილებები.

„ეს არის წყალგამყოფი, რის წინაშეც იმყოფება იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემა მთლიანად. შესაძლებელია, რომ უვადოდ დაინიშნოს რამდენიმე მოსამართლე, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს. მათი ყოფნა ქართულ სასამართლო სისტემას შეუქმნის საფრთხეს, ასევე საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ იმ მოსამართლეებს, რომელთაც მიიღეს გადაწყვეტილებები პოლიტიკური ნიშნით და რომელზეც გაირკვა, რომ იყო მცდარი. აქ ვგულისხმობ თეთრაძის, მოლაშვილის, ასევე ნორა კვიციანის საქმის მოსამართლეებს. ისტორიამ გვაჩვენა, რომ მათ მიიღეს პოლიტიკური დაკვეთის შედეგად გადაწყვეტილებები. ამ ადამიანების ყოფნა უვადოდ, დააზიანებს მათ პატიოსან და გამბედავ კოლეგების იმიჯს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ განმწესების მსურველ მოსამართლეთა კენჭისყრა უნდა გაიმართოს. სულ წარდგენილია 50 მოსამართლე, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15-მა წევრმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე