გარდაბნის გამგეობამ სამსახურის ორი ავტომანქანა დაკარგა

საქართველო, თბილისი - 18:15 | 20.02.2018
ნანახია: 1481

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს, გამგეობის ბალანსზე არსებული Mitsubishi Pajero 3500 და Gaz-31029 ვერ მოიძებნა. გამგეობას არ აქვს ინფორმაცია ამ ავტომანქანების შესახებ. ინფორმაციას regininfo.ge ავრცელებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია, რომ Mitsubishi Pajero 3500 გარდაბნის გამგეობას შეძენილი ჰქონდა 2007 წელს და 15 300 ლარი იყო გადახდილი, Gaz-31029-ის შესახებ კი ინფორმაცია საერთოდ ვერ მოიძებნა. 

აუდიტის ჩატარების პროცესში ასევე დადგინდა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული იყო 2010 წლის შემდეგ შეძენილი 3 ახალი ავტომანქანა. 

აუდიტის დასკვნაში მითითებულია, რომ მანქანების დაკარგვით და დაზიანებით მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა, თუმცა, ქონების ან შესაბამისი კომპენსაციის მიღების მიზნით, სამართლებრივი ღონისძიებები არ განხორციელებულა. 

გარდა სამსახურებრივი ავტომანქანებისა (21 სამორიგეო და 2 პერსონალური), გარდაბნის მუნიციპალიტეტში 2015 წელს საწვავი ყოველთვიურად გაიცემოდა საჯარო მოსამსახურეების კუთვნილ 70-დან 85 ავტომანქანაზე, ხოლო 2016 წელს - 60-დან 75 ავტომანქანაზე. საწვავი გამოეყოფოდა საკრებულოს თანამდებობის პირებს და რიგით წევრებს, სპეციალისტებს, დაქირავებულ მოსამსახურეებს, გამგებლის წარმომადგენლებს და სხვებს. 

2015-2016 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტმა საკუთარი მოხმარებისათვის დახარჯა 400 ტონამდე საწვავი, რაშიც ბიუჯეტიდან დაიხარჯა 613 400 ლარი, ავტომანქანებისა და სათადარიგო ნაწილების შეძენისათვის კი 88 200 ლარი იქნა გადახდილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე