მარგველაშვილის პატრონაჟით კონკურსი "სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2018" გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:19 | 14.02.2018
ნანახია: 869

„სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად" წელს საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართება. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სტუდენტების სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში აქტიური ჩართვა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განაცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია, ვინაიდან ის თავისი არსით ბიზნესის კეთებასთან ერთად უფრო მეტად მოწყვლადი ჯგუფების დახმარებასა და მხარდაჭერასაც გულისხმობს.

„კონკურსი "სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად" წელს საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მეწარმეობა სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში, ვინაიდან ის თავისი არსით გულისხმობს ბიზნესის კეთებას ისე, რომ ეს სხვისთვისაც სასარგებლო იყოს. მითუმეტეს იმ სოციალურ ფონზე, რომელიც ქვეყანაშია, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ბიზნესმა გაიაზროს, რომ მხოლოდ მათთვის შემოსავალი არ ნიშნავს, ასე ვთქვათ, სიკეთეს დანარჩენი ქვეყნისთვის. ბუნებრივია, სოციალური მეწარმეობა თავისი არსით გულისხმობს, რომ ჩვენ დავეხმაროთ უფრო მეტად მოწყვლად ჯგუფებს. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კონკურსში წარმატებულ პროექტებს, ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დააფინანსებს, განსაკუთრებით, თუ ეს პროექტები მიმართული იქნება საქართველოს რეგიონებზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

კონკურსი „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის" მიერ ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში იმართება.

პროცესში ჩართულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ და იმუშაონ, როგორც სოციალურ მეწარმეებთან, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. ფინალურ ეტაპზე სოციალურ საწარმოებთან ერთად, მიღებული საგრანტო დაფინანსების ფარგლებში, სტუდენტური გუნდები პრაქტიკულად განახორციელებენ მათ მიერ შემუშავებულ პროექტებს.

გამარჯვებული გუნდის თითოეული წევრი მიიღებს სამოგზაურო გრანტს სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსი ხორციელდება საქართველოს მასშტაბით და მასში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს. განაცხადის შეტანა მსურველებს 13 მარტამდე შეეძლებათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე