დანიის დედოფლის მეუღლე პრინცი ჰენრიკი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:40 | 14.02.2018
ნანახია: 994

დანიის დედოფლის მარგრეტე მეორის მეუღლე პრინცი ჰენრიკი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ სამეფოს სასახლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
პრინცი ჰენრიკი ფრედენსბორგის სასახლეში აღესრულა. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მის გვერდით ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

28 იანვარს ჰენრიკი ფილტვების ქირურგიის განყოფილებაში მარცხენა ფილტვში სიმსივნის გამოკვლევის მიზნით გადაიყვანეს.

სიმსივნე კეთილთვისებიანი აღმოჩნდა. მკურნალობის გასაგრძელებლად პრინცი სხვა განყოფილებაში მოათავსეს.

2017 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰენრიკი დემენციით იტანჯებოდა. 2016 წლიდან ის პენსიაზე იმყოფება.

2017 წლის აგვისტოში პრინცმა ყურადღება მიიქცია უჩვეულო განცახდებით. მან აღნიშნა, რომ არ სურს როსკილეს ტაძარში თავისი მეუღლის გევრდით დაკრძალვა.

დანიაში საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ პრინცი ჰენრიკი თავისი ტიტულით უკმაყოფილო იყო და ამბობდა, რომ ის თავის მეულესთან უთანასწორო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დანიის დედოფალი მარგრეტე მეორე თავის მეუღლეს ლონდონში 1960-იან წლებში შეხვდა. 1965 წელს ის ლონდონის ეკონომიკის სკოლაში სწავლობდა. წყვილი ერთმანეთს საერთო მეგობრების წრეში შეხვდა. თუმცა მაშინ მარგრეტეზე ჰენრიკს განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდენია.

1966 წლის გაზაფხულზე ისინი ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ შოტლანდიაში ერთ-ერთ ქორწილში. დედოფლის ნაამბობის მიხედვით, სწორედ იქ მიხვდა, რომ ის ჰენრიკზე შეყვარებული იყო. 1967 წლის ზაფხულში წყვილი დაქორწინდა. ცოლ-ქმარს ორი ვაჟი - ფრედრიკი და იოაკიმი, ასევე რვა შვილიშვილი ჰყავს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე