გახადე შრომა უსაფრთხო! - პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 14:50 | 13.02.2018
ნანახია: 776

გახადე შრომა უსაფრთხო! - ამ სლოგანით რუსთაველის მეტროსთან ხელისუფლებისთვის წარსადგენ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

,,უკვე მეცხრე თვეა პარლამენტში ამ კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულთა უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაცვასაც ვერ უზრუნველყოფს - კვლავ აწყდება დაბრკოლებებს (მათ შორის ამერიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის მხრიდან, რომელსაც გავლენა აქვს საქართველოს მთავრობაზე) და მისი განხილვა დაუსაბუთებლად ჭიანურდება. ამ პერიოდის განმავლობაში პროექტი მუდმივ ცვლილებებს განიცდის - ბიზნეს ლობისტების ზეწოლით დასაქმებულთა უფლებების დაკნინების და გაუარესების მიმართულებით.

ამ ეტაპზე კვლავ არ არის  გათვალისწინებული პროფკავშირების მიერ დაყენებული  ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა:

- კანონის მოქმედების სფერო, რამდენადაც წარმოდგენილი დოკუმენტის  მიხედვით იგი ვრცელდება  მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშ პირობიან სამუშაოზე და დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი კვლავ უსაფრთხო შრომის პირობებით უზრუნველყოფის გარეშე რჩება. მით უმეტეს, რომ პროექტი არ შეიცავს არანაირ დათქმას კონკრეტული ვადის შესახებ, როდესაც ის სრული მოცულობით უნდა გავრცელდეს ყველა დასაქმებულზე;

- პროექტი ეხება მხოლოდ შრომის უსაფრთხოებას და ყოველგვარი რეგულირების გარეშე ტოვებს შრომის კანონმდებლობისა და შრომის უფლებების აღსრულების საკითხს;

- შრომის ინსპექტორებს, ბევრ შემთხვევაში, კვლავ არა აქვთ უპირობო დაშვება სამუშაო ადგილებზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევაზე მათ უშუალოდ მიმართავენ დასაქმებულები;

აქედან გამომდინარე კანონპროექტი კვლავ შეუსაბამოა შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან და არ გვთავაზობს ინსპექტირების რეალურად ეფექტურ მექანიზმს.

მოვუწოდებთ, ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში შექმნან და აღასრულონ კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მშრომელთა ღირსეულ შრომას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად’, - ნათქვამია პეტიციაში.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მონაცემებით, 2011 წლიდან 2016 წლის ბოლომდე სამუშაო ადგილებზე 776 ადამიანი დაშავდა და 270 დაიღუპა. 2017 წლის 10 თვის მონაცემებით კი,  საწარმოო პროცესში დაღუპულთა რაოდენობა ოცდაათია.

პეტიცია საქართველოს პარლამენტს, მთავრობასა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მას შემდეგ, რაც  10 000 ხელმოწერა შეგროვდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე