ჩვენ გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით - ლევან იზორია

საქართველო, თბილისი - 13:38 | 13.02.2018
ნანახია: 795

ჩვენ გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამერიკელი ექსპერტის მოსაზრებებს, რომლის თანახმადაც,  საქართველო ნატო-ში შეიძლება გაწევრიანდეს განსაკუთრებული კომპრომისის - „დროებითი ღონისძიებების“ საფუძველზე.

"მე ვესაუბრე ამ ტექსტის ავტორს განცხადების საჯაროდ გაკეთებამდე და ცალსახად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და ქვეყნის განწყობა. ტერიტორიული მთლიანობა ამ ექსპერტის განცხადებაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ჩვენ გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით. ყველა ექსპერტს შეუძლია თავისი აზრი ჰქონდეს ნატოში გაწევრიანების პექსპექტივზე. მე როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, პრინციპულად პოზიცია დავაფიქსირე",- განაცხადა ლევან იზორიამ.

საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველის ლუკ კოფის განცხადებით, არც ერთ სხვა ასპირანტ ქვეყანას არ აქვს იმდენი ინიციატივა ნატოსთან, რამდენიც საქართველოს.

"ბევრს ეშინია, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება აუცილებლად ნიშნავს რუსეთთან ომს. საქართველო შესაძლოა, მიიწვიონ 1949 წლის შეთანხმების მე-6 მუხლში შეტანილი შესწორების საფუძველზე. ეს შესწორება გულისხმობს, რომ მე-5 მუხლის მოქმედება დროებით არ გავრცელდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. ეს დროებითი ღონისძიება იმოქმედებს იქამდე, ვიდრე საქართველო მშვიდობიანი და დიპლომატიური საშუალებებით არ აღადგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, -  თქვა ლუკ კოფმა ,,ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში და მაგალითად 1951 წელს, ალიანსში საბერძნეთისა და თურქეთის გაწევრიანება დაასახელა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე