სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა

საქართველო, თბილისი - 12:15 | 13.02.2018
ნანახია: 967

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის 9 წლიანი თავისუფლების აღკვეთის შესახებ.

სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მომზადების ნაწილში და ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ნაწილში.

მსჯავრდებული დეკანოზი პროცესს არ დაესწრო. 

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. მთავარმა პროკურატურამ დაკავების თავდაპირველ მიზეზად „მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა“ დაასახელა.

აღნიშნულმა არამხოლოდ საზოგადოება, არამედ, პრემიერ-მინისტრიც შეიყვანა შეცდომაში, რომელმაც განაცხადა, რომ საზოგადოებამ თავიდან უდიდესი უბედურება აიცილა და რომ ეს იყო, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.

მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ დეკანოზის ბრალი სულ სხვა იყო. სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, მამალაძე პატრიაქრის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარების მოტივით მკვლელობას გეგმავდა და სწორედ ამ მიზნით ცდილობდა ის მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის შეძენას.

აღნიშნული ბრალდება თბილისის საქალაქო სასამართლომ დამაჯერებლად არ მიიჩნია და 2017 წლის 5 სექტემბერს, დეკანოზ გიორგი მამალაძეს მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის მიუსაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქმის განხილვამ საქალაქოდან სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა. დაცვის მხარე გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ბრალდების მხარე კი ბრალის დამძიმებას და განაჩენში მკვლელობის ანგარებით მომზადების ჩამატებას ითხოვდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე