ოკუპირებულ აფხაზეთში უმდიდრესი და უძველესი სამარხი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 14:53 | 06.02.2018
ნანახია: 1974

ოკუპირებულ აფხაზეთში დაბა აჩადარაში ძვირფასეულობებით სავსე სამარხი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო მუზეუმის დირექტორზე არკადი ჯოპუაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სამარხი გუდაუთის რაიონის მცხოვრებმა რუსტამ ჩხებელიამ იპოვა. სამარხში იყო ადამიანის ჩონჩხი, ბრინჯაოს ჩაფხუტი, ისარი, შუბი და სამკაულები.

ჯოპუას თქმით, სამარეში ასევე აღმოჩნდა ცხრა ოქროს სამკაული, აღმოსავლურად მოხატული  ვერცხლის თასი და ორი ხანჯალი. მისივე თქმით, დიდ ფასეულობას წარმოადგენს ოქროს სამკაულები, რომლებიც შესაძლოა, ადგილობრივი ოსტატების მიერ იყოს დამზადებული.

„ჩაფხუტის, იარაღებისა და ხანჯლების მიხედვით შესაძლებელია მტკიცება, რომ აქ მეომარი იყო დაკრძალული, თუმცა ქალის სამკაულები ეჭვს ბადებს, ნამდვილად მამაკაცის საფლავია თუ წყვილის“, -ამბობს  ჯოპუა  და განმარტავს, რომ ნათელი აღმოჩენილი მასალების დეტალური შესწავლის შემდეგ გახდება.

ამჟამად სამკაულები ე.წ. ეროვნულ ბანკში ინახება, სადანაც ე.წ. სახელწმიფო მუზეუმს გადეცემა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე