მოულოდნელი, თავზარდამცემი ელდა - რას ამბობენ აშშ-ში მოკლულ 31 წლის ქართველ ექიმზე

საქართველო, თბილისი - 12:37 | 21.01.2018
ნანახია: 3047

აშშ-ში, კენტუკის შტატში, ქართველი ექიმი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული დავით კანდელაკი, აშშ-ის მოქალაქეა. მისი და კიდევ ერთი მამაკაცის ცხედრებს პოლიციამ ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მიაკვლია.

ქართველის გაუჩინარების შესახებ მისმა მეუღლემ პოლიციაში მას შემდეგ განაცხადა, რაც ქმარი მას წინასწარ დაგეგმილ ადგილას არ შეხვდა. 

ამერიკაში ქართველი ახალგაზრდას მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:

,,ამერიკის შეერთებული შტატების პატარა ქალაქში, კიდევ ერთ ამერიკელ ახალგაზრდასთან ერთად, ტყვიით მოკლული იპოვეს 31 წლის ქართველი ექიმი დავით კანდელაკი. პოლიცია მუშაობს გაურკვეველ გარემოებაში მომხდარი მკვლელობის გასახსნელად.

ეს – ცივი, ოფიციალური ინფორმაცია.

ჩვენთვის კი… მოულოდნელი, თავზარდამცემი ელდა იმისა, რომ დაიღუპა ჩვენი ულამაზესი, უნიჭიერესი, უკეთილშობილესი, სიცოცხლით სავსე დათო კანდელაკი – დიდი კარიერის საფეხურზე შემდგარი ახალგაზრდა ექიმი, ტყუპი ქალ-ვაჟის მამა, მშვენიერი ნატაშას მეუღლე, საუკეთესო შვილი, ძმა, მეგობარი, ადამიანი, ქუთაისზე შეყვარებული ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მეუღლესაც შეაყვარა თავისი მშობლიური ქალაქი, ქართული ტრადიციები, ენა.

დათომ ქუთაისის სერგეი მესხის სახელობის ჟურნალისტიკის კერძო სკოლა-ლიცეუმი დაამთავრა. ყოველნაირად გამორჩეული, ბრწყინვალე მოსწავლე იყო და, როგორც მის მასწავლებელსა და ლიცეუმის დირექტორს, მეგონა, მალე ჟურნალისტიკაში, ან პოლიტიკაში ხმამაღლა იჟღერებდა მისი სახელი, მან კი სრულიად სხვა არჩევანი გააკეთა: ამერიკაში წავიდა და თავდადებული შრომით, განსაკუთრებული ცოდნის წადილით უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო. სულ ახლახან ლიცენზიაც დაიმსახურა და წინ დიდი პერსპექტივა ჰქონდა. დავით კანდელაკი თავისი ქვეყნის სახე იყო შორეულ ქვეყანაში: კულტურული, განათლებული, კეთილშობილი, ყველასგან პატივსაცემი და დასაფასებელი. მისი ფეისბუკის გვერდი სავსეა იქაური მეგობრების მწუხარე გამოსათხოვარი სიტყვებით. 

სულ ახლახან ცოლ-შვილთან ერთად უკანასკნელად იმყოფებოდა ქუთაისში დათო. სამსახურში მეწვია, ბევრი მეფერა, მითხრა, რომ ლიცეუმში მიღებული უნარჩვევები ცხოვრებაში მრავალჯერ დაეხმარა. ბოლოს მოკრძალებით გადმომცა პროფესიული საჩუქარი – პაწია, ძალზე კომფორტული დიქტოფონი…

რას ვიფიქრებდი, რომ ეს დათუნას გამოსათხოვარი ჟესტი იყო… თურმე უკანასკნელად ვუყურებდი მის ულამაზეს ღიმილს!

ბევრი ვიტირე, მაგრამ რას შველის ცრემლი ამ ტრაგედიას!..”, – წერს ნანული ცხვედიანი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე