თურქეთმა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ქურთული ძალების პოზიციებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა

საქართველო, თბილისი - 11:28 | 21.01.2018
ნანახია: 987

თურქეთმა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ქურთული ძალების პოზიციებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. სირიაში, ქალაქ აფრინთან  ოპერაცია სახელწოდებით ,,ზეთისხილის რტო" შემუშავდა. თურქეთი სირიის დემოკრატიულ ძალებში შემავალ ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთებს ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) სირიულ ფრთად და შესაბამისად ტერორისტულ დაჯგუფებად განიხილავს. თურქეთის განცხადებით მათ ოპერაციას სირიელი ამბოხებულებიც უჭერენ მხარს.

თურქეთის პრემიერმინისტრის განცხადებით საჰაერო დარტყმები ოპერაციის პირველი ფაზა იყო და მას საარტილერიო ცეცხლი მოჰყვება. განცხადების მიხედვით საჰაერო თავდასხმებმა 108 სამიზნე გაანადგურა, მათ შორის იარაღის საწყობები. სირიის დემოკრატიული ძალების განცხადებით დაიღუპა 6 მშვიდობიანი მოქალაქე და 3 მებრძოლი.

სირიის დემოკრატიული ძალების განცხადებით თავდასხმაზე პასუხისმგებლობას თურქეთთან ერთად რუსეთსაც ეკისრება, რომელმავ ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანა. ისინი ბაშარ ასადის მიერ კონტროლირებად ნიუბილისა და ზაჰრის რაიონებში გადადიან.

მანამდე, რექს ტილერსონმა ოფიციალურ ანკარას ურჩია, რომ სირიაში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაცია არ დაიწყოს და ძალისხმევა ისლამური სახელმწიფოს განადგურებაზე მიმართოს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე, უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ვაშინგტონი სირიისა და თურქეთის საზღვარზე სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურის შექმნას გეგმავს, რომელსაც ქურთი მებრძოლებისგან დააკომპლექტებს.

ამის შემდეგ ოფიციალური ანკარა, ქურთი მებრძოლების განადგურებით დაიმუქრა და სირიაში ქურთების მიერ კონტროლირებად აფრინის რაიონში მძიმე ტექნიკა გაგზავნა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დამასკოსა და ვაშინგტონის გაფრთხილების მიუხედავად, თურქეთის არტილერიამ ქურთი მებრძოლების პოზიციებზე იერიშები მიიტანა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე