იმუნიზაციის პროგრამის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის არცერთი პუნქტი სიმართლეს არ შეესაბამება - დავით სერგეენკო

საქართველო, თბილისი - 18:39 | 18.01.2018
ნანახია: 1542

„გუშინ გავრცელებული ინფორმაციის არცერთი პუნქტი სიმართლეს არ შეესაბამება“, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ანტირაბიული 
ვაქცინის შესახებ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

მინისტრის განმარტებით, ცოფის ვაქცინა, რომლის ბაზარზე დაშვების უფლებაზე და ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველობაზე იყო საუბარი, იყო 2015 წელს რეგისტრირებული და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, აღნიშნული ვაქცინა ბავშვთა გეგმიურ  ვაქცინაციასთან კავშირში არ არის. 

„თუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მედიკამენტს თუ ვაქცინას პრეკვალიფიკაციას მოუხსნის, ეს არ ნიშნავს, რომ მედიკამენტი არარეგისტრირებულია ან საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ გვქონდა არჩევანი, პრეკვალიფიკაციის მოხსნის შემდეგ შეგვეწყვიტა ვაქცინის მოხმარება და დაგვეკარგა თვენახევარი ახლის მიღებამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ადამიანების სიცოცხლე გაგვეწირა ან გაგვეგრძელებინა მოხმარება და გვეზრუნა ჩანაცვლებაზე. ასეც მოვიქეცით და 20 მარტიდან უკვე ახალ ვაქცინას მოვიხმართ“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ 3 წელია საქართველოში ცოფით არავინ გარდაცვლილა, მაშინ, როცა წინა წლებში 5-6 ადამიანი გარდაიცვლებოდა.

„ვთხოვ მედიას, როდესაც ასეთ თემებზეა საუბარი, გზავნილები იყოს ძალიან მოზომილი.საქართველოში წითელას აფეთქების დროს, ერთი სიუჟტის  გამო, რომელიც იმუნიზაცია-ვაქცინაციის დისკრედიტაციას ეძღვნებოდა, საზოგადოებამ უარი თქვა ვაქცინაციაზე და ათასობით ადამიანი დაინფიცირდა წითელათი, აქედან 4 გარდაიცვალა. საზოგადოებას კი მივმართავ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე, რადგან მსოფლიო მედიცინაში გადამდებ დაავადებებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება არის იმუნიზაცია. ასევე, ყველა ვაქცინა, რომელიც ამ დროისთვის გამოიყენება საქართველოში, არის მაღალი ხარისხის, ეფექტური და უსაფრთხო“, - განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, აუდიტის სამსახურის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში 29 222 დოზის ოდენობით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინის გახარჯვაზე. 

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხის შემდეგ კი აუდიტის სამსახურში განმარტეს: 

"2018 წლის აუდიტის გეგმის გამოქვეყნების შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სამინისტროს შორის შედგა სამუშაო შეხვედრა, სადაც სამინისტროს მხრიდან წარმოადგენილი იქნა სხვადასხვა არგუმენტები და მტკიცებულებები, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ხარისხის  შესახებ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური  ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინიის ნაწილში". 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე