,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 15:46 | 18.01.2018
ნანახია: 1191

,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, საკითხზე საკმაოდ დიდხანს იმუშავეს ექსპერტებთან, კოლეგებთან და მხარეებთან ერთად.

,,არგუმენტები, რაც პრეზიდენტის მხრიდან არის გახმოვანებული, ახალი არ არის - არ არის ისეთი წონის არგუმენტი, რომელიც იქნებოდა ახალი შემოთავაზება, ახალი არგუმენტი იმისა, რაც უკვე იყო განხილული. გულწრფელად გითხრათ, ვერ ვხედავ, რა შუაშია კონსტიტუციასთან შეუსაბამობა. ვერავის მხრიდან ვერ მოვისმინე დასაბუთება, გარდა იმისა, რომ გაიჟღერა კონსტიტუციასთან შესაბამისობის თემამაც. ჩვენ ვისურვებთ, რომ რეფორმა, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაიწყო და რომლის მიზანია გაძლიერდეს ტელევიზია, ემსახურებოდეს მოსახლეობის ინტერესებს და ჰქონდეს ყველა პირობა: - საკანონმდებლო, ტექნიკური, ინფრასტრუქტურული, რათა იყოს იმ ინტერესების გამტარებელი, რაც თანხვედრაშია საზოგადოების მოთხოვნებთან. ამ რეფორმის მხარდასაჭერად ჩვენ მზად ვართ. რაც შეეხება იმ აზრთა სხვადასხვაობას, რომელიც კანონპოექტთან დაკავშირებით ნამდვილად იყო, ჩვენ შევიკრიბებით და გვექნება მსჯელობა - გუნდის შიგნით გვექნება სამუშაო პროცესი, რადგან არიან კოლეგები, რომელთაც განსხახვებული პოზიცია ჰქონდათ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

ბესელიას ინფორმაციით, უმრავლესობის შეხვედრა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნამდე გაიმართება. 

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,  ირაკლი კობახიძემ დღეს უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე