ივანიშვილს ჩაქვიდან ხეები უკანონოდ მიაქვს - "ბათუმელები"

საქართველო, თბილისი - 14:15 | 18.01.2018
ნანახია: 971

ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია "ატუმ"ათეულობით ქაფურის ხე მოჭრა. მედიასაშუალება "ბათუმელების" ინფორმაციით, ჭრის პარალელურად, ამ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილის დენდროპარკში გადასატანად მრავალწლოვან ხეებს იღებენ.

მათივე ცნობით, ხეების გატანის ნებართვის გაცემის შესახებ აჭარის მთავრობამ დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. მსგავსი დოკუმენტის გარეშე ხეების გატანა კი უკანონობაა.

,,ამ დოკუმენტზე დაყრდნობით ინფორმაცია „ბათუმელებს“ უკვე ჰქონდა გამოქვეყნებული, შესაბამისად, აჭარის მთავრობას  განმეორებით ვკითხეთ, არსებობს თუ არა დოკუმენტი, რის საფუძველზეც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიიდან ხეები გააქვს. კითხვის პასუხად აჭარის მთავრობის პრესცენტრში გვითხრეს: „დოკუმენტი გადმოგიგზავნეთ". 

ტერიტორია, სადაც ხეებს ჭრიან, იღებენ და გააქვთ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში საქართველოს მთავრობამ 2016 წელს გადასცა. ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და განკარგულების დანართში აღნიშნულია, რომ ტერიტორია აჭარას ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად სჭირდება. გარდა ამ ტერიტორიისა, სახელმწიფომ აჭარას საკუთრებაში მიმდებარედ კიდევ ორი ნაკვეთი გადასცა. ამ ნაკვეთების საერთო ფართობი 69 732 კვადრატული მეტრია.

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადის გზა, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო გზებს ერთმანეთთან შეაერთებს. მისივე თქმით, დეპარტამენტმა 2017 წელს შეისყიდა გზის პროექტი, რომელიც ხეების მოჭრასაც ითვალისწინებს. „ატუ“ გზას სწორედ ამ პროექტით აკეთებს. არჩილ ჩიქოვანის თქმით, დეპარტამენტს ქონებასთან [მათ შორის ხეებთან] და მის განკარგვასთან შეხება არ აქვს: „ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია“. - ვკითხულობთ "ბათუმელების" მიერ მომზადებულ მასალაში. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე