"მაგთიკომმა" ტარიფების ცვლილების ამოქმედება დროებით შეაჩერა

საქართველო, თბილისი - 16:37 | 17.01.2018
ნანახია: 847

"მაგთიკომმა" გაითვალისწინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნა და დროებით შეაჩერა ტარიფების ცვლილების ამოქმედება.

 

აღსანიშნავია, რომ "მაგთიკომი"  5 იანვარს გავრცელებული განცხადებით აცხადებდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მაგთიკომმა მრავალმილიონიანი ინვესტიციები განახორციელა ტექნოლოგიების დანერგვისა და ქსელის უწყვეტი განვითარების კუთხით. მაგთიკომი უახლესი ტექნოლოგიებით არის წარმოდგენილი მთელს საქართველოში, როგორც დიდ ქალაქებში, ისე რთულად მისადგომ ადგილებში, მაღალმთიანი და სასაზღვრო რეგიონების ჩათვლით, სადაც რიგ შემთხვევებში, ერთი-ორი ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ კავშირი ყველასთვის და ყველგან უზრუნველყოფილია.

"საქართველოში ოპერატორებს რთულ პირობებში უწევთ ოპერირება. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე იჯარის საფასური ოპერატორებისთვის ბევრად მაღალია, ვიდრე იჯარის საბაზრო ფასი. 2017 წელს გაიზარდა მეტროსადგურების გვირაბებში კაბელის გატარების საფასური. ვალუტის კურსის ცვლილება, ინფლაცია და დენის ტარიფის ცვლილება პირდაპირპროპორციულად აისახება კომპანიების დანახარჯებზე.

დღეს ქვეყანაში მობილურ მომსახურებაზე საკმაოდ დაბალი ტარიფებია. შესაბამისად, კომპანიის მიერ მობილური ინტერნეტის მიწოდების ხარჯი და მომსახურებისგან მიღებული შემოსავალი ვერ აბალანსებს ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, სერიოზული საფრთხის წინაშე დგება ქვეყანაში მობილურ ინტერნეტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება, იზღუდება როგორც კომპანიის, ისე ქვეყნის ტექნოლოგიური წინსვლა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, საჭიროა ტარიფები იყოს ადეკვატური, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში და სრულ შესაბამისობაში მოდიოდეს მოქმედ კანონმდებლობასთან", აღნიშნულია კომპანიის 5 იანვრით დათარიღებულ განცხადებაში. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე