კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს - "ბასიანის" წარმომადგენელი

საქართველო, თბილისი - 14:58 | 17.01.2018
ნანახია: 936

"პრინციპული საკითხი იყი, რამდენად იქნებოდა სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე", - ამის შესახებ კლუბ ბასიანის წარმომადგენელმა ზვიად გელბახიანმა თამაზ ქვლივიძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისივე თქმით, დაცვის სამსახური ცდილობდა, ქვლივიძეს ტერიტორია მშვიდობიანად დაეტოვებინა.

"ნათელია, რომ ეს ადამიანი, მას შემდეგ რაც კლუბში შესვლაზე უარი განეცხადა, აგრესიით გამოირჩეოდა და სურდა, შეურაცხყოფა მიეყენებინა ყველა იქ მყოფი პირისთვის. დაცვის სამსახური ცდილობდა, მშვიდობიანად დაეტოვებინა ქვლივიძეს ტერიტორია,თუმცა მივიღეთ ის შედეგი, რაც ყველამ ნახეთ. კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, მიუხედავად მისი ფინანსური სტატუსისა და პოლიტიკური ნაცნობობისა",- განაცხადა ზვიად გელბახიანმა, რომელიც სააპელაციო სასამართლოში სხდომას ესწრებოდა. 

ცნობისთვის, დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს განჩინება გააუქმა და ერთი სამართალდამცავისა და კლუბ  "ბასიანის" დაცვის ორი წევრის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს პატიმრობა შეუფარდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციოში პროკურატურამ გაასაჩივრა. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ თამაზ ქვლივიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა, სასამართლო პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე