შემაშფოთებელია, რომ გამოკითხულთა 60% სატელევიზიო საშუალებებს დეზინფორმაციის წყაროდ მიიჩნევს - ლორა თორნტონი

საქართველო, თბილისი - 13:51 | 16.01.2018
ნანახია: 1583

შემაშფოთებელია, რომ  გამოკითხულთა 60% სატელევიზიო საშუალებებს დეზინფორმაციის წყაროდ მიიჩნევს, -  ამის შესახებ NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა განაცხადა.

,,საინტერესო იყო კითხვები დეზინფორმაციის შესახებ. მოსახლეობის დაახლოებით, 60% მიიჩნევს, რომ დეზინფორმაცია ვრცელდება ხოლომე სატელევიზიო საშუალებებით, რაც ჩვენი აზრით, ძალიან შემაშფოთებელი შედეგია. მედიის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალიან დიდია და შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ სანდრო მედიაგარემო ქართული საზოგადოებისთვის. რიცხვი იმ ადამიანების, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, სულ ოდნავ, თუმცა გაზრდილია წინა კვლევასთან შედარებით. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, კარგი ამბავია ის, რომ ევროკავშირისა და ნატოს წევრობის მხარდაჭერა სტაბილურია და მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს მთავრობის გაცხადებულ ამ 2 მიზანს“, - განაცხადა ლორა თორტონმა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60%-ის აზრით, ქართული ტელეარხები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას, 24% -  აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 16% აცხადებს, რომ არ იცის.

რაც შეეხება ონლაინ მედიას, გამოკითხულთა 51% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქართული ონლაინ მედია საშუალებები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას, გამოკითხულთა 19% არ ეთანხმება, ხოლო 30%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. 

ამავდროულად, გამოკითხულთა 43% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქართული ბეჭდური მედია (გაზეთები, ჟურნალები) ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას, 19% - იგივე მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 38%-მა - არ იცის. 

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

შედეგების მეორე ნაწილის პრეზენტაცია ხუთშაბათს, 18 იანვარს გაიმართება.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო. ცდომილების ზღვარია +/-1.9%.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე