პრეზიდენტმა საქართველოს დროშა გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა

საქართველო, თბილისი - 11:44 | 14.01.2018
ნანახია: 1041

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს რამდენიმე რეგიონში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.

სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა 10:00 საათზე პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყო.

სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამზადდა, სასახლიდან საპატიო ყარაულმა გამოაბრძანა საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეროვნული გმირების გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა.
პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაზე სახელმწიფო ჰიმნი ანსამბლმა ,,შავნაბადა“ შეასრულა.
დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა კახეთშიც, უჯარმის ციხეზე, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშა მაშველებმა აღმართეს.

პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართება ასევე სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია მცხეთაში, სადაც ძალოსანი ლაშა ტალახაძე სპორტსმენებთან ერთად დროშას ბებრის ციხეზე აღმართავს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს კი, ანსამბლი ,,მცხეთა“, შეასრულებს.

გორში კი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, იუნკერები სახელმწიფო დროშას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით 12:30 საათზე აღმართავენ. ცერემონიის მონაწილეებსა და იუნკერებს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს და სახელმწიფო დროში დღეს მიულოცავს.

ქუთაისში, დროშას ექიმები აღმართავენ, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ეზოში, ანსამბლ ,,ქუთაისის“ მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით.

სენაკში კი, დროშას პედაგოგები აღმართავენ, აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლის ეზოში, რომელიც 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, სოხუმელი თემურ ბოკუჩავას სახელს ატარებს. სახელმწიფო ჰიმნს კი, ანსამბლი ,,სენაკი“ შეასრულებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე