გიორგი კვირიკაშვილი ევროპალატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 11:43 | 19.11.2015
ნანახია: 1506

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ევროპალატის პრეზიდენტს, რიჩარდ ვებერს შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილმა რიჩარდ ვებერს მიულოცა ევროპალატის პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევა და უსურვა საქმიანობაში წარმატებები.

შეხვედრისას მხარეებმა აღნიშნეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ევროპალატას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის ახალი მიმართულებები.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოში ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე რეფორმების მეორე ეტაპის შედეგებზე, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებსა და შედეგებზე. შეხვედრისას  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო სისტემის რეფორმირებაზე.
 
ევროპალატის პრეზიდენტმა აღნიშნა ქვეყნის მნიშვნელოვანი პროგრესი და შექმნილი ვითარება ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. მან განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ საჭიროა ევროპულ ქვეყნებში საქართველოს შესახებ ცნობადობის მეტად ამაღლება და ქართულ მხარეს შესთავაზა აქტიური დახმარება ამ მიმართულებით.

შეხვედრაზე დაისახა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, რომელიც ევროპაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას, ქართველ და ევროპელ ბიზნესმენებს შორის კავშირების დამყარებას, ასევე ერთობლივი ბიზნეს და საინვესტიციო პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე