სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის შესანარჩუნებლად - პრემიერი

საქართველო, თბილისი - 11:30 | 11.01.2018
ნანახია: 944

,,სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა, თუმცა, სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. და რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა, სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს", - ამის შესახებ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. 

პრემიერის თქმით, სპეცსამსახურებმა ჩაატარეს რამდენიმე სპეცოპერაცია და თითოეული მათგანი სწორედ ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილებას ეხებოდა.

,,სხდომის დაწყებამდე მინდა, შევეხო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას - ეს არის ტერორიზმი - გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენი სახელმწიფოც ყველაფერს აკეთებს ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. რა თქმა უნდა, როდესაც ამ გამოწვევასთან ბრძოლა საკუთარ ქვეყანაში გიწევს, მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება ჩვენს მოქალაქეებს, ის არის ძალიან მგრძნობიარე და საფრთხილო.

ჩვენმა სპეცსამსახურებმა ჩაატარეს რამდენიმე სპეცოპერაცია და თითოეული მათგანი სწორედ ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილებას ეხებოდა. ამ ოპერაციებს შეეწირა ჩვენი სპეცსამსახურების ერთი თანამშრომელი და დაგვეჭრა - ოთხი. ეს ბიჭები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.

მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ პირველ რიგში არის სწორედ ხელისუფლების ინტერესი, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტიანმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხები. ამიტომაც, დღეს, ამ ვითარებაში, წინასწარი განცხადებების თუ წინასწარი დასკვნების გაკეთება აზიანებს სახელწიფო ინტერესებს.

სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა, თუმცა, სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. და რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა, სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს", - განაცხადა პრემიერმა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე