2017 წელს საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის 3 000 მოქალაქეს მიენიჭა

საქართველო, თბილისი - 16:00 | 10.01.2018
ნანახია: 840

საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წელს უცხო ქვეყნის 3 000 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.

სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 9 ოქტომბრამდე, კომისიამ 5 321 მოქალაქეობის საქმე განიხილა, რომელთაგან 3 097-ზე დადებითი დასკვნა გამოსცა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა.

3 097-დან 2 550 პირი ან საქართველოში დაბადებული (1 945 პირი), ან საქართველოში დაბადებული და ამავდროულად, საქართველოს ყოფილი მოქალაქე (1 072 პირი), ან კიდევ მათი ოჯახის წევრი იყო.

ანგარიშის მიხედვით, პრეზიდენტმა მისთვის წარდგენილი 3 097 დადებითი დასკვნიდან, უცხო ქვეყნის 3 000 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, 97 პირისთვის კი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობა უარყო.

97-დან 70 პირი საქართველოში იყო დაბადებული, 27 კი – საქართველოს ყოფილი მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქის/საქართველოში დაბადებული პირის ოჯახის წევრი.

კომისიის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დადებითი დასკვნის გამოცემის მომენტისათვის, ზემოხსენებული 3 097 უცხოელიდან 2 363 პირი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ერთ-ერთი სახელმწიფოს მოქალაქე იყო, 277 პირი – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, 219 – ამერიკული სახელმწიფოების, 221 – აზიური სახელმწიფოების, 1 პირი – არაბული სახელმწიფოების, 5 -აფრიკული სახელმწიფოების, 11 პირი კი – სხვა სახელმწიფოების მოქალაქე.

ანგარიშის თანახმად, 2017 წლის საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტმა, მისთვის კანონით მინიჭებული პრეროგატივის ფარგლებში, პროცედურის დაუცველად და შესაბამისად, კომისიის მიერ საქმეთა შესწავლის გარეშე, 8 პირს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. მათგან 3 რუსეთის, 3 გერმანიის, დანარჩენი კი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე