მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თამაშს თამარ მეფის პერსონაჟი დაემატა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 13:55 | 10.01.2018
ნანახია: 1186

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვიდეო თამაშის, Civilization-ის მეექვსე ნაწილში ცხრა ახალი ლიდერიდან ერთ-ერთი თამარ მეფე იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ Civilization VI: Rise and Fall-ში საქართველო ცივილიზაციად ემატება და ნებისმიერ მოთამაშეს საქართველოს გამორჩეული მეფის როლის მორგება შეეძლება.

თამაშის შემქმნელებმა, თამარ მეფის დროინდელი საქართველოს დამატებისას, ფაქტობრივად, ყველა დეტალი გაითვალისწინეს. ძალა ერთობაშია – სწორედ ეს მოწოდება გასდევს თამარის ეპოქას მთავარ მამოძრავებელ ძალად. თამაშის შემქმნელები მას უნიკალურ დამახასიათებელ ნიშნად მოიხსენიებენ.

„თამარ მეფე ცნობილია მისი დიპლომატიური სიძლიერით, ხელოვნების მხარდაჭერით, რელიგიურობითა და საქართველოს სამეფოს გაფართოებით“, – ასეა დახასიათებული თამარ მეფე თამაშის ინტროში.

თამაშში შენობებიც კი საქართველოსთვის დამახასიათებელია. უნიკალური შენობა მისი კონსტრუქციის წყალობით დაცვის ფუნქციებს ასრულებს. ამასთან, ციხე-სიმაგრე ყოველ სვლაზე გამოიმუშავებს რწმენას. რწმენა, ამ შემთხვევაში, ქულებია, რომლის დახამარებითაც რელიგიური შენობების შეძენა და მქადაგებლების დაქირავებაა შესაძლებელი.

თამარ მეფის კიდევ ერთი სიძლიერე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ცივილიზაცია თეოლოგიას შეისწავლის, Protectorate War-ის გამოცხადება შეუძლია. თამაშის შემქმნელებს არც თამარის პიროვნული თვისებები დავიწყებიათ და რადგანაც თამარს კარგად შეეძლო ჯარის მოტივირება ომის დაწყების წინ, მისი არმია მცირე ხნის განმავლობაში დამატებით ბონუსებსაც მიიღებს.

Civilization 1991 წელს შექმნილი თამაშია, რომელიც სტრატეგიების ჟანრს მიეკუთვნება. თამაშის მთავარი მიზანია მოთამაშემ შექმნას იმპერია, რომელიც დროს გაუძლებს. იმპერიების შექმნა ქრისტეშობამდე 4000 წლით ადრე იწყება და ჯერ კიდევ არ არსებულ რეალობამდე გრძელდება. Civilization VI: Rise and Fall-ის ახალი ექსპანსია 2018 წლის 8 თებერვალს გამოვა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე