თბილისის მერიამ მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების განახლებული წესი დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 12:18 | 10.01.2018
ნანახია: 790

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ „გამგეობების მიერ მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ღირებულების დაფინანსების მიზნით ფინანსური დახმარების გაცემის წესი“ დაამტკიცა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ქალაქის ბიუჯეტის სახსრების უფრო ეფექტიანად ხარჯვას. 

„აქ მთავარი არის ის, რომ ეს ცვლილება განსხვავებულ მიდგომებს აგვარიდებს. გარდა ამისა, გამორიცხავს კორუფციულ რისკებს და დაფინანსების დუბლირებას”, - აღნიშნა თბილისის მერმა.

განახლებული წესი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა შეიმუშავა. სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის განმარტებით, წესის მიხედვით განისაზღვრა პრიორიტეტული ჯგუფები, ინდივიდუალური შემთხვევების დაფინანსება და გაიმიჯნა დაფინანსება გამგეობებსა და მერიას შორის თანხის მოცულობის მიხედვით, რაც გამორიცხავს ბენეფიციარისთვის დაფინანსების დუბლირებას.

„ამ ჯგუფებში შედიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, შშმ პირები, ვეტერანები, მარჩენალდაკარგულები, ასევე სხვადასხვა საჭიროების მქონე კატეგორიები. მათი დაფინანსება განხორციელდება პრიორიტეტულად და გამგეობებს ექნებათ კონკრეტული პროცედურა ამ მიმართულებით. გარდა ამ ჯგუფებისა, გაგრძელდება სხვა საჭიროებების მქონეთა დაფინანსებაც, რომლებიც შეიძლება არ შედიოდნენ პრიორიტეტულ ჯგუფებში. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებს ინდივიდუალურად შეისწავლიან გამგეობები და შესწავლის შედეგების მიხედვით მოხდება დაფინანსება. დაფინანსების შკალები განსაზღვრულია და სხვადასხვა მანიპულაციები დაფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის ტარიფების გათვალისწინებით, სხვადასხვა პროცენტით. აქამდე მერიის და გამგეობების ბიუჯეტიდან ხდებოდა ერთი და იგივე პიროვნებების დაფინანსება, რაც უკვე გაიმიჯნა. გამგეობა დააფინანსებს 1000 ლარამდე სამედიცინო მანიპულაციებს, ხოლო 1000 ლარის ზევით დაფინანსებას თბილისის მერია უზრუნველყოფს. ბიუჯეტში თანხა არ შეცვლილა, უბრალოდ, დუბლირებული დაფინანსება, რომელიც აქამდე იყო, აღარ იქნება“, - აღნიშნა გელა ჩივიაშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე