პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების ვებგვერდზე გამოქვეყნება სავალდებულო იქნება

საქართველო, თბილისი - 13:11 | 09.01.2018
ნანახია: 773

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება კანონით სავალდებულო იქნება. აღნიშნულს ითვალისწინებს ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში, რომლის ინიციატორებიც არიან დეპუტატები: გიორგი კახიანი, ეკა ბესელია და ირინა ფრუიძე. 

ცვლილებების მიზანია, OGP-ის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მაღალი სტანდარტის დანერგვა.

ნებისმიერ პირს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტებთან და მის ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით, კომენტარის სახით, საკუთარი შენიშვნისა და მოსაზრების დაფიქსირების შესაძლებლობა ექნება. წამყვანი კომიტეტი კი მიღებულ კომენტარებს შეისწავლის და საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის დასკვნაში ასახავს. 

პარლამენტში განსახილველად წარდგენილი საკითხები ვებგვერდზე ახლაც იდება, თუმცა პარლამენტის რეგლამენტი კანონპროექტების გამოქვეყნების ვალდებულებას არ ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე