ქვეყნის მასშტაბით ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების 115 ხაზია საჭირო

საქართველო, თბილისი - 17:57 | 08.01.2018
ნანახია: 1090

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში „ღია კარის“ დღე გაიმართა, რომელსაც  ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლები და ამ სფეროთი დაინტერესებული პოტენციური ინვესტორები ესწრებოდნენ. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი უძღვებოდა.

როგორც ღონისძიების დაწყებამდე მინისტრის მოადგილემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სამუშაო რეჟიმში  მოხდეს აზრების გაცვლა, პრობლემების განხილვა და მსჯელობა იმ მოლოდინების შესახებ, რაც რეფორმის ფარგლებში მთავრობას და კერძო სექტორს გააჩნია.

„მოგეხსენებათ, სექტემბრის თვეში გამოქვეყნდა  ჩვენი შვეიცარიელი კონსულტანტების მიერ შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტები,  ასევე პირველ დეკემბერს შევიდა ძალაში მთავრობის შესაბამისი დადგენილებები და დღეს გვინდა მოვისმინოთ, რა მდგომარეობაა სფეროში, რამდენად არიან ტექინსპექტირების ცენტრები მზად იმ რეგლამენტებისთვის, რომლებიც დაწესდა, გავცვალოთ აზრები და ა.შ.  წლის განმავლობაში მოგვიწევს ძალიან ბევრი სამუშაო შეხვედრა ამ ადამიანებთან,  ეს იქნება რეგულარული დიალოგი, რათა ვიცოდეთ, სად რა პრობლემებია,  ჩვენ რა მოლოდინები და მოთხოვნები გვაქვს“ - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დაგეგმილია ინტერესთა მოწვევის გამოცხადება იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც დაფარავენ საქართველოს ისეთ რეგიონებს, სადაც ტექინსპექტირების სერვისი დღეს არ არის. „ჩვენი კონსულტანტების დასკვნით, ქვეყნის მასშტაბით, გვჭირდება რეგიონების მიხედვით გადანაწილებული,  დაახლოებით 115 ინსპექტირების ხაზი, უკვე არსებული ინსპექტირების ცენტრების ჩათვლით. ცხადია,  დღესვე ამ 115 ხაზის საჭიროება ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა, ეს არის გეგმა, რომ წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეიქმნას დამატებითი ხაზები. ზუსტად ამ საკითხზე, დაინტერესებულ ინვესტორებთან გვაქვს მსჯელობა, რომ ვიცოდეთ, ვინ რას აპირებს, რა გზით წავიდეთ და რა როგორ გავაკეთოთ. ვგეგმავთ, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდგომ გამოვაცხადოთ მოწვევა ინვესტორებისთვის, რომლებიც დაფარავენ იმ რაიონებს, სადაც დღეს არ გვაქვს ტექინსპექტირების  სერვისები“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო, რომელიც, ავტომფლობელთა ინტერესების გათვალისწინებით, ეტაპობრივად განხორციელდება. 2019 წლის ბოლომდე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება რეგლამენტით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა (მოტოციკლი, განუბაჟებელი და ტრანზიტული ავტოსატრანსპორტო საშუალება და ა.შ.).

2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები; 2018 წ. 1 ივლისიდან - სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები; 2018 წ. 1 ოქტომბრიდან -  3000  კუბურ სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილები, ხოლო 2019 წ. 1 იანვრიდან - M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით,  უკვე მოქმედებს ცხელი ხაზი ნომრით 1484, სადაც შესაძლებელია ავტომობილების კატეგორიების მიხედვით ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვადების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე ნებისმიერ ტესტირების ცენტრში ვიზიტის წინასწარი დაჯავშნა. ცხელ ხაზთან ერთად ცენტრში ვიზიტის ონლაინდაჯავშნისთვის ავტომფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ვებგვერდით  www.pti.ge.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე