დიმიტრი ქუმსიშვილი ხალხური რეწვის დარგის განვითარების პრეზენტაციას დაესწრო

საქართველო, თბილისი - 15:57 | 18.11.2015
ნანახია: 1510

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიდღეს „ხალხური რეწვის დარგის განვითარების“ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.  პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი,  ასევე პოტენციური ბენეფიციარები, უცხოური დონორი ორგანიზაციებისა და რეწვის დარგის წარმომადგენლები. ღონისძიება ქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ გახსნა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, პრეზენტაციის მიზანი პოტენციური ბენეფიაციარებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის პროგრამის ფარგლებში შემუშავებული ხელშეწყობის ინსტრუმენტებისა და პროგრამის განხორციელების დეტალების გაცნობა იყო. აღნიშნული პროგრამა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს დაამტკიცა.

„ჩვენ მივესალმებით აღნიშნულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც მოხდება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტურიზმი არის ერთ-ერთი ძირითადი ეკონომიკური მიმართულება და შესაბამისად, ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ჩვენი ამოცანაა ის, რომ ტურისტებს რაც შეიძლება უფრო მრავალფეროვანი სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ. ამ ნაწილში კი, ხალხური რეწვის პროდუქცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, რომელმაც ზუსტად ის დამატებითი ღირებულება უნდა შექმნას  ქვეყანაში, რომელიც ძალიან გვჭირდება“ - განაცხადა  დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამა ხელს შეუწყობს ხალხური რეწვის დარგში მოღვაწე მეწარმე სუბიექტების როგორც სამეწარმეო პირობების, ასევე პროფესიული ცოდნის ამაღლებას,  სუვენირების ბაზრის განვითარებას, ხალხური რეწვის სალონების ტურისტულ ატრაქციად გარდაქმნას და  ქართული ხალხური რეწვის პროდუქტების ცნობადობის ზრდას საზღვარგარეთ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე